ერთთვიანი არარეალური სამუშაო გრაფიკის შემდეგ, კინაღამ რომ გადაგვაყოლეს ამ რებრენდინგს, დადგა 18 მაისი, ეს 20 წლის იუბილეც ავად თუ კარგად აღინიშნა, მოვედი სახლში, ღამე დავიძინე, დილითაც დავიძინე, შუადღისასაც მეძინა და როგორც იქნა, საღამოს ავდექი. გამოძინება კარგი, მაგრამ იმ ერთთვიანი შრომის კომპენსირებას რომ კარგა ხანი ვერ შევძლებდი, კი ვიცოდი. ფიზიკურად დაღლა ერთი, პლიუს ემოციური, ამას დაემატა ყოვლად უმსგავსო და არაადამიანური დამოკიდებულება, რამაც ყველაზე მეტად იმოქმედა და ამ ყველაფერს თავისი კვალი რომ არ დაემჩნია, შეუძლებელი იყო. კიდევ კარგი, დედაჩემი ყოველ დღე საჭმელს მატანდა სამსახურში და მინდოდა თუ არა ვჭამდი, ამით გახდომას გადავრჩი და წონა შევინარჩუნე, ის კი არა, ცოტა მოვიმატე კიდეც. სამაგიეროდ სახეზე ფერი მქონდა ისეთი გადაფითრებული, გაცრეცილი, თვალები ამოღამებული, თან ერთი-ორმა ისეთმა ადამიანმა შემომხედა თანაგრძნობით და შევეცოდე, ზოგადად რომ მაგრად ვკიდივარ და მივხვდი, რომ ვერ იყო მთლად კარგად ჩემი საქმე :დ
საიდან გამახსენდა სიღნაღში წასვლა, აღარ მახსოვს. ნუ, სადაც წავიდოდი ფიქრის გარეშე კი ვიცი, მაგრამ ჯერ იმ ეტაპზე არ ვარ, საზღვარგარეთ 2-დღიანი პაეზდკები ექსპრომტად ვგეგმო, ამიტომაც არჩევანი პრინციპში ბევრი არც ყოფილა.
სიღნაღში ნამყოფი ვიყავი მანამდეც, მაგრამ ეხლა რატომღაც მომინდა გადაბმულად დავრჩენილიყავი 2 დღე და რაღაც ერთ ადგილზე ყოფნით დავმტკბარიყავი.
დავსერჩე სასტუმროები, გადავრეკე, ფასი დავაზუსტე,მერე 09-ში ტრანსპორტის ამბავი გავარკვიე და მეორე დილისთვის გადავწყვიტეთ წასვლა. მე გავიგიჟე თავი, დილით გაჩერებაზე არ დაიგვიანოთ თქო, არადა მაცაცო რომ დამადგა თავზე, ჩანთაც არ მქონდა ჩალაგებული.
მივედით სამგორში, მაგრამ სადაა მარშუტკა. მიტინგებთან დაკავშირებით მოძრაობაა შეზღუდულიო. ჩვენს წინ იდგა თინეიჯერების ხროვა, რომელთაგან ერთ-ერთი ბიჭი სხვა მარშუტკის მძღოლს ებაზრებოდა, დაგიმატებთ ფულს და სიღნაღში აგვიყვანეო. ვერ ვხვდები, მძღოლი რატომ იკავებდა თავიდან თავს, მაგრამ მერე ისე მოინდომა, რომ წინ 2-ადგილიან სკამზე სულ ძალისძალით შეტენა ჯერ ეს ორი ბიჭი და მესამე, რომელიც უძალიანდებოდა, არგუმენტით მანდ ორი კაცი ეტევა, მე ვერ დავჯდებიო, ბუმბულივით შეაგდო, კარი მიუხურა და მიაძახა კახურად: ე რა კაპრიზნი ვინმე ყოფილა კაცოოო...
ჩვენი ადგილი, რა თქმა უნდა, იმ მარშუტკაში აღარ იყო, მაგრამ სხვამ გვანუგეშა, სიღნაღის თუ არ მოვიდა, მე წაგიყვანთო. ამასობაში მე მაინც დავურეკე იმ კაცს, ვისი ნომერიც 09-ში მომცეს, იმან 15 წთ-ში მოვალო და ამასობაში იქვე მდგომმა მარშუტკის მძღოლმაც იცვალა გეზი და დაიწყო სიღნაღის მგზავრების მოგროვება. უცნაური ის იყო, რომ ის კაცი, ვისაც დავურეკე, რომ მოვიდა, ჯერ გადმორეკა, სად ხართო, მერე გვნახა, რომ ვისხედით და დაჟე ყავის დალევაც კი შემოგვთავაზა :) ზოგჯერ ეს ქართული სერვისი ხომ გაგაოცებს ადამიანს.
მე ეხლა ეს ბევრი ვწერე, თორემ რეალურად მალე მოგვარდა ყველაფერი. ანუ მარშუტკები დადის ყოველ 2 სთ-ში ერთხელ, დაწყებული დილის 9სთ-დან და 15-20 წთ-ით ადრეც რომ მივიდეს ადამიანი, პრობლემა არაა წასვლა. მგზავრობა ღირს 6 ლარი, დრო სიღნაღამდე 2 სთ მაქსიმუმ, სოფლებში თუ ბევრჯერ გააჩერა და რამე. იქითა გზიდან სადღაც 1.30 სთ-ში ჩამოვედით.
მალევე მივაგენით სასტუმროს, იქვე იყო მოედანთან. მშვენიერი სასტუმრო აღმოჩნდა. ჰქვია "ძველი სიღნაღი" (ე.წ. ხალიჩების სასტუმრო).
ოთახები ძველებურ სტილშია, სუფთა, ნათელი, პატარა აივნით, აბაზანა ცხელი წყლით. 3-ადგილიანი ნომრის ღირებულება 100 ლარი ერთი ღამე. მეორე დღეს 12სთ-დან 13სთ-მდე არის ჩექ აუთი. ყოველ დამატებით გაჩერებულ საათზე 10 ლარი. მოკლედ სამივემ ერთად აღვნიშნეთ, რომ მართლა კარგი სასტუმროა და ძალიან ნორმალური ფასი.
რაც შეეხება თვითონ სიღნაღის შთაბეჭდილებებს. ყველაზე ცუდი ჩემთვის ის იყო, რომ ხალხის ნაკლებობაა. ერთი-ორი ტურისტი თუ დაბოდიალობდა მარტო. არადა ყველაფერი კარგადაა გაკეთებული. საღამოს საჭმელად შესვლა რომ დავაპირეთ, აბსოლიტურად ყველა რესტორანი ცარიელი იყო. საერთოდ როგორ ახერხებენ ფუნქციონირებას, მიკვირს. ძალიან ჩამკვდარია იქაურობა. უბრალოდ იმდენად ლამაზია და კოხტა, რომ 2 დღე მარტო ერთი და იგივე ქუჩის ყურებაც არ მომბეზრებია.თანაც პასიური დასვენებისთვის ვიყავი განწყობილი და არაფერი დისკომფორტი არ შემქმნია.
მეორე დღეს ბოდბეშიც ავისეირნეთ. ისეთი კარგი ღია კაფეა მონასტერთან, ყავა-ჩაი დავლიეთ, უცნაური სიმშვიდე იყო რაღაც, ალბათ დილა და მონასტრის სიახლოვე განაპირობებდა. სურათებიც გადავიღეთ და დავბრუნდით სულ სიცილ-ხარხარით. მაცაცომ აღმოაჩინა, რომ მის აპარატს მაკრო რეჟიმი აქვს და ერთი ყვავილი არ დატოვა გზაზე გულგრილი.
მთლიანობაში მშვენიერი ვიკენდი გამოვიდა. ბანალური სიტყვებია, მაგრამ სწორი, ბავშვობის მეგობრები მაინც სულ სხვაა, აბსოლიტურად განსხვავებული ემოცია. სურათებს რომ ვათვალიერებდი, მივხვდი, რომ უკვე დიდები ვართ, გავიზარდეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, თან ისევ პატარები, ისევ იმ სისულელეებით, ბავშვობიდან რომ მოგვდგამს, რომელიც ისეთივე ახლობელია, როგორც საკუთარი თავი.
პ.ს. მაცაცო ის ჩანთა მაინც უნდა გადააგდო იცოდე :დ