Saturday, May 28, 2011

Chanel 2.55

სადაც ჰერმესის ბირკინი, იქაც შანელის 2.55


1955 წლის თებერვალი. ჩანთის შექმნის თარიღი და შესაბამისი სახელწოდება 2.55 (თებერვალი მე-2 თვე, 55 კი 1955 წელი).

ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და მშრალი სახელი, თუმცა ჩანთის ნებისმიერი დეტალის უკან მისი შექმნის ისტორიაა, ზოგი ნამდვილი, ზოგიც კი ბურუსით მოცული.

ჩანთის ცნობა ერთი თვალის შევლებით არის შესაძლებელი. სხვა უამრავ დეტალთან ერთად ამას განაპირობებს მისი ფაქტურა: სწორი გვირისტით რომბისებურად დალიანდაგებული ზედაპირი.

ამბობენ, რომ დოღის მოყვარული შანელი ჟოკეის ქურთუკებით შთაგონდა და მათი ფაქტურა ჩანთაზე გადაიტანა. სხვა ვერსიებია მონასტრის თავშესაფრის ჭუჭყიანი შუშები, ბალიშები მის პარიზის აპარტამენტში და სხვა.

მეორე თვალშისაცემი ნიშანი არის ჯაჭვის სახელური. ეს გასაკვირი და განმასხვავებელი ვითომ რატომ უნდა იყოს, მაგრამ 1955 წელს, როცა საზოგადოება შამპანურის ჭიქების ხელში დაკავებით, კანაპეების მირთმევითა და თეატრის პროგრამების კითხვით იყო დაკავებული, შანელმა ამოიცნო ქალების სურვილი, ჰქონოდათ ხელები თავისუფალი და მისცა მათ საშუალება, ეტარებინათ ჩანთა არა მხოლოდ ხელით, არამედ გადაეკიდათ მხარზეც.

ნუ, ამბობენ, პირველ რიგში თვითონ შანელს მობეზრდა ჩანთების ჭერა და მერე სულ კარგვა და ამიტომ გაუკეთა სახელურიო.
ჯაჭვის ისტორიც საინტერესოა. ობლების თავშესაფარში, სადაც შანელი იზრდებოდა, აღმზრდელებს გასაღები სწორედ ასეთი ჯაჭვით ჰქონდათ ჩამოკიდებული წელზე და ეს ჯაჭვი გამხდარა შთაგონების წყარო.

ჩანთის მოყავისფრო სარჩულიც იმ უნიფორმების ფერს უკავშირდება, რაც თავშესაფარში ეცვათ აღსაზრდელებს.

1955 წელს ჩანთას ჰქონდა საკეტი, რომელსაც უწოდებენ The Mademoiselle Lock.
1980 წლიდან კი, როცა კარლ ლაგერფელდმა შემოიღო ახალი ლოგო ერთმანეთზე გადადებული 2 C-თი, შანელის 2.55 ჩნდება უკვე ახალი საკეტით, ე.წ. The Classic Flaps.

2005 წელს 2.55-ს 50 წლის იუბილე შეუსრულდა, რაც კარლ ლაგერფელდმა განახლებული მოდელის გამოშვებით აღნიშნა, ხოლო 2.55-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ქალის გარდერობში ნებისმიერ დროს თავისუფლად დაიკავებს ადგილს.

No comments:

Post a Comment