Friday, November 25, 2011

დაუსრულებელი სიმშვიდე და სიყვარული - არ ვიცი, ვინ მოიგონა ნეპალის ასეთი განმარტება (Never Ending Peace And Love), მაგრამ ქვეყნის ასეთი ზუსტი ნეიმინგი იშვიათად თუ იქნება.
ამ ქვეყანაში ერთი დღის გატარებაც საკმარისია, რომ თვალები დახუჭო და შავ-თეთრი წარმოსახვა ფერადი გახდეს, თანაც ისეთი ფერადი, რომ ვერასდროს ამოშლი გონებიდან. ეს იყო ჩემი ოცნება, განხორციელებული და განცდილი წარმოსახულზე უფრო ძლიერად, რეალობა, რომელსაც უყურებ და ვერ იჯერებ, რომ შენ აქ ხარ და არა მხოლოდ ხედავ ამ ყველაფერს, არამედ მისი ნაწილიც ხარ, გავიწყდება, ვინ ხარ, საიდან ხარ, კარგავ ეროვნულობის, რომელიღაც კონკრეტული ქვეყნის კუთვნილების გრძნობას, უბრალოდ ხვდები, რომ სამყაროს ნაწილი ხარ, ერთი ციცქნა ნაწილაკი, გამოსული დროისა და სივრცის საზღვრებიდან გადასული იმ სამყაროში, სადაც ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის დაკარგულია...



წასვლამდე
ზუსტად აღარ მახსოვს, ნეპალში წასვლა რეალურად როდის მოვინდომე, მგონი შარშან, გაიდბუქი რომ გამოვიწერე. მოკლედ იმის მერე ერთი წელი გავიდა და სულ აღარ ვვარაუდობდი წელს ამის გაკეთებას, მოულოდნელად ნანამ რომ დამირეკა და მითხრა, მარტო აპირებდა. სრულიად დაუგეგმავად გადავწყვიტე,  მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ მომეპოვებოდა ფინანსები ამ მოგზაურობისთვის, რატომ უნდა მეთქვა უარი საკუთარი თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სურვილის ასრულებაზე... ბილეთი უნდა აგვეღო სექტემბერში, წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე. სექტემბრიდან ნოემბრამდე თვეები ძირითადად იმის ფიქრში გავატარე, ან სამსახურში ან ისე რამე არ გამომხტარიყო და ხელი არ შეეშალა. მეორე პრობლემა იყო სახლში ამის თქმა, ანუ წასვლით მაინც წავიდოდი, მაგრამ რომ ვიცოდი, რომ ინერვიულებდნენ და დაიწყებდნენ ტვინის ბურღვას, რა გინდა, იქ რა დაგრჩენია, რატომ მიდიხარ და ა.შ. ძაან მთრგუნავდა. ორი ყველაზე რეალური ვერსია: ერთი ვარიანტი იყო მეთქვა, რომ საერთოდაც დუბაიში მივდიოდი ან სადმე ისეთ ნორმალურ ქვეყანაში (ნაკლებად ინერვიულებდნენ და კითხვებიც ნაკლები გაუჩნდებოდათ), მეორე ვარიანტი იყო, მეთქვა ნეპალი, მაგრამ დასამშვიდებლად დამემატებინა, რომ ტურისტული სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ამ ტურისტული კომპანიის კოორდინატებს მომთხოვდნენ და ტვინი უნდა მეჭყლიტა. მთავარი მომენტი მაინც ის იყო, რომ ტყუილი ზოგადად არ მიყვარს და არ მინდოდა. ასე რომ საბოლოოდ მაინც სიმართლის თქმა გადავწყვიტე, ოღონდ შელამაზებული. წასვლამდე 2 კვირით ადრე ვუთხარი ისე სასხვათაშორისოდ, რომ კარავიდან საერთო ნაცნობები აპირებდნენ წასვლას და რომ მეც ვფიქრობ, ხომ არ წავიდე თქო. ნუ, ამას ჩემდა გასაკვირად დედაჩემი რაღაც მშვიდად შეხვდა, არ შეუცხადებია ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. გავიდა ერთი კვირა და ისევ სიჩუმეა სახლში, რაღაც ცუდად მენიშნა, მეთქი ჩემებს ეხლა მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ მე მარტო ვფიქრობ წასვლაზე და მეტი არაფერი, ამიტომ ერთ კვირაში განვაცხადე, რომ  ბილეთი ვიყიდე და მივდივარ. აქ უკვე დედაჩემმა მხრები აიჩეჩა, მამაჩემმა ჯანდაბაშიც წასულხარ, შენ ჭკუა როდის უნდა ისწავლოო და მოკლედ მშვიდად ამოვისუნთქე.ბოლო ერთ კვირაში შვებულების ამბავიც გავარკვიე, მცირე შოპინგიც მოვიწყე და ნელ-ნელა წასვლის წინა განწყობაც შემექმნა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა საორგანიზაციო საკითხი ლიკამ ითავა და აბსოლიტურად დამშვიდებული ვიყავი ამ ამბავში. სასტუმროები კი არა, ლამის სპილოებიც წინაწარ დავჯავშნეთ ჩიტვანში. ყველაფერს წინ უძღოდა რამოდენიმე შეხვედრა ნანასთან სამსახურში და დეტალების დაგეგმვა და შეჯერება. მე მაინც ბოლო დღეებში შევიტენე რაღაცეები, როგორც მჩვევია ხოლმე და წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გავაკეთე დაზღვევა, გადავახურდავე ფული და ა.შ. წასვლას აეროპორტში ერთად ვაპირებდით ტაქსით, მაგრამ ალექსამ გვითხრა, გაგიყვანთო, ჯერ მოგვერიდა, ვიფიქრეთ, შუაღამისას როგორ უნდა გამოვიდეს, რატომ უნდა შეწუხდესო, მაგრამ მერე დიდი მსჯელობის შემდეგ დავთანხმდით შემოთავაზებას ... უჰ, სახლიდან ჩემი გასვლა იყო მაგარი გრუზი. მამაჩემი სადარბაზომდე გამომყვა, გზაზე ფრთხილად გადადი შუქნიშანზეო, არადა რა შუქნიშანი, ამხელა გზაზე მივდივარ, მე ცალკე ვნერვიულობ, თან ვხვდები, მამაჩემიც როგორ ნერვიულობდა და არ იმჩნევდა. ცალკე დედაჩემს გავუარე სამსახურში და ის იქიდან გამომეტირა ლამის, ამ ჩუმი, უთქმელი სცენების ემოცია რაღაც მომენტში ჩემზეც გადმოვიდა და ერთი წამით კი გავიფიქრე, სად მიეხეტები ჩემო თავო თქო. გავუარე ნანას სამსახურში, მერე გავედით ნანასთან სახლში და მოგვიანებით ალექსაც გამოვიდა.  1-2 სთ გვქონდა დარჩენილი წასვლამდე და კარგად ვიხალისეთ ალექსას გამაშებზე და არა მხოლოდ გამაშებზე საუბრით. მერე გავუარეთ ტომას და ლიკას და მივედით აეროპორტში.


მე რადგან პირველად მივფრინავდი, მაინც დავლიე 'დრამინა' წინასწარ, მეთქი, რა იცი, რა ხდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა სულ ტყუილად. ფრენა ისე მომეწონა, მზად ვარ, ხშირად გავიმეორო :)) რამდენიმე საათიანი ფრენის მერე აღმოვჩნდით დუბაის მეორე ტერმინალში, რომელიც ტრანსფერისთვის არის განკუთვნილი. დუთი ფრიდან გამოსულებს ფოჩიანი კანფეტებიც დაგვირიგა მომღიმარმა არაბმა, ცოტა ხანი წავუძინეთ და 3 სთ-იანი ტრანსფერის დრო თვალის დახამხამებში გავიდა. მერე იყო დუბაი-კატმანდუს ფრენა და პირველი შოკი ცაში.

მე როგორც ძილის დიდ მოყვარულს არც ცაში შემირცხვენია თავი. ნუ, ქვემოთ ჯერ მიწის, მერე ღრუბლების ყურებით რომ დავტკბი და სანახაობა ერთგვაროვანი გახდა, ფანჯარას თავი მივადე და ის-ის იყო უნდა წამეძინა, რომ ტომა მაღვიძებს, ნეპალს ვუახლოვდებით და ჰიმალაები უნდა გამოჩნდესო. ზუსტად ამ მიზნით გვქონდა წინასწარ ფანჯარასთან ადგილები დაჯავშნილი ოთხივეს. გამოფხიზლებული ვიყურები სივრცეში და ჯერჯერობით მხოლოდ იმას ვამჩნევ, რომ მზე ჩადის და ჰორიზონტი ოდნავ შეწითლებულია, ხოდა ამ სიწითლეში ნელ-ნელა გამოისახა მთების კონტურები მთელ სიგრძეზე გასწვრივ. ჰიმალაია. აი, ზუსტად იმ დროს გავიფიქრე, რომ არ არსებობდა მსოფლიოში უკეთესი ადგილი, სადაც იმ წუთას ვისურვებდი ყოფნას, ვერც კი ვიოცნებებდი.  უბრალოდ იმაზე უფრო მაგარი ადგილი არ იყო ჩემთვის არც ცაში და არც მიწაზე. რაღაც მომენტში ისიც კი ვიფიქრე, რომ ეს დედააფეთქებული თვითმფრინავი რომ ჩამოვარდნილიყო, ამაზეც კი არ დამწყდებოდა გული.



კატმანდუ

არ არსებობს სიტყვები, რომლებიც სრულყოფილად აღწერს კატმანდუს მთელ არსს. ხმაურიანი, მოზუზუნე, ჭუჭყიანი, მტვრიანი, ფერადი, ჭრელი, ვიწრო მტვრიანი ქუჩებით, ხალხის მომლოდინე რიქშები, ყველა მხრიდან მოსიარულე მოტოციკლეტები, ასანთის კოლოფებივით პატარა სახლები,  ერთმანეთში გადახლართული დენის მავთულები, ქუჩის კუთხეებში პატარ-პატარა სალოცავები ძღვნად მირთმეული ყვავილების ფურცლებისა და საღებავებისგან ფერშეცვლილი, ფანჯრებზე გადმოკიდებული ზაფრანის ყვავილები, ბანანითა და მანდარინით სავსე კალათები ველოსიპედზე,პატარ-პატარა სამკერვალოები ძველისძველი საკერავი მანქანებით, საჩუქრებად გამოფენილი მაისურები ათასნაირი პრინტებით,  სუვენირებისა და წიგნების მაღაზიები, თოჯინები, ნიღბები, ნაქსოვი ქუდები, ხელთათმანები, წინდები, ჩანთები, მძივები, ნაქარგები, სალაშქრო აღჭურვილობა, უამრავი სასტუმრო, კაფე და ტურისტული სააგენტო... საკმეველის სპეციფიკური სუნი ქუჩაში, სახეები, ღიმილი და ფერები ისეთი, როგორც არსად.




აეროპორტში სასტუმროს 'ფიქ აფ' სერვისის  ჩავარდნიდან გამოიკვეთა იქაური სინამდვილის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი და აქედან დაიწყო ლიკას ნერვიულობაც :)
მივედით სასტუმროში, სადაც ლიკა მაშინვე დაპოზიციონირდა, როგორც "one more question" :) თუ რამე იყო საკითხავი, სულ ლიკა ეკითხებოდა ხოლმე და ბოლოს ტიპები ხელის ჩამორთმევით ხვდებოდნენ :) ნუ, ძირითადად იმაზე გაუხურა, ტაქსი უნდა დაგვხვედროდა და რატომ არ დაგვხვდაო, ტიპი იცინის და ეუბნება, კი, გელოდებოდათ აეროპორტში, უბრალოდ თქვენ გვიან მოხვედითო, თან რაღაც ისე ეცინებოდა ამ ტიპს, ვიფიქრეთ, უეჭველი იტყუებოდა. თუმცა, როგორც მერე გამოიკვეთა, ასე არ იყო. ანუ რა ხდება: როგორც ლოუნლი ფლანეთის გაიდბუქი გვაფრთხილებს და სინამდვილეშიც  გამოიკვეთა, ნეპალელებს არ უყვართ უარყოფითი ინფორმაციის მოწოდება (რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, საერთოდ არ მინახავს ქუჩაში ყვირილი, ჩხუბი და აგრესია), ძალიან იშიათად გეუბნებიან უარს რამეზე, უბრალოდ გაგიღიმებენ და ეგაა და თუ ეს ის პასუხი არაა, რაც შენ გინდა, ამაზე არ უნდა გაბრაზდე, იმიტომ რომ გაბრაზებას აზრი არ აქვს. გაბრაზდები და ისევ გაგიღიმებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ჰგავს აფერისტობას, განსაკუთრებით როცა საქმე სერვისს ეხება. რატომღაც მე და ტომა საოცრად მშვიდად ვხვდებოდით ყოველ ასეთ გაღიმებას. ლიკა  მეტ პასუხისმგებლობას გრძნობდა ორგანიზების პონტში და ყოველ ჯერზე ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე :)

იმავე საღამოს კარგი დაღამებული იყო უკვე, რომ გადავწყვიტეთ, მაინც გაგვესეირნა ქუჩებში. ჩემი აზრით, აბსოლიტურად განსხვავებულია კატმანდუს ქუჩები დღისით და ღამით. დაბალი განათების გამო ეს ისედაც მოციცქნული ქუჩები სულ მთლად მინიატურული ჩანდა, მოჩუქურთებული ხის სარკმელები დაბურული და დაბინდული, ქუჩებში დაყრილი ნაგავი თითქოს ნაკლებად გვხვდებოდა თვალში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე  სალოცავები ცხოველების და იქაური ღმერთების გამოსახულებით, სიბნელეში გახვეული სტუპები და პაგოდები დღის სინათლეზე ამ ყველაფრის ნახვის მოუთმენელ სურვილს განაპირობებდა...



ნუ, სასტუმროში სჯობდა არ დავბრუნებულიყავით. დაღლილობის მიუხედავად, მთელი ღამე ჩემს თხელ შარფში და დუტის კურტკაში გახვეულმა გავატარე ნახევრად მძინარემ. თეთრეული უბრალოდ თეთრეული არ იყო, პლიუს ალბათ ამდენი პირველი შთაბეჭდილების  ემოციებმაც არ დამაძინა.

გათენდა თუ არა, ზოგადად კატმანდუში ადრე იწყება დღე და მალე მთავრდება, მივაკითხეთ ჩვენს საუზმეს, რომელიც შედგებოდა black tea, coffee (ამას ძალიან საყვარელი ინტონაციით ამბობდა სასტუმროს თანამშრომელი ბიჭი, რომელსაც საუზმის საკითხები ევალებოდა), რძით ან რძის გარეშე, მოყავისფრო შაქარი, ნახერხივით, როგორც ჩვენ დავარქვით, შემწვარი კვერცხი, 2 ცალი ტოსტი და მარწყვის ჯემი. ეს მარწყვის ჯემი, როგორც ჩანს, მაგარ ცვეტში იყო, აბსოლიტურად ყველა სასტუმროში ეს მოჰქონდათ. ჰქონდათ სულ რამოდენიმე საშაქრე და ჭურჭელი, ამიტომ როგორც კი ერთი დალევდა და შეჭამდა, ყურებამდე გაკრეჭილი ღიმილით მოვიდოდა ის ნაგარკოტელი ბიჭი და გკითხავდა: - breakfast was ok?   - yes, yes, very nice იყო ჩვენი პასუხი. ეს იყო რიტუალი ყოველ დღე, რომელსაც ზოგჯერ ტომა არღვევდა შემწვარი კვერცხის ნაცვლად მოხარშულის მოთხოვნით.
ეს მეორე დღე ყველაზე ნაკლებად მახსოვს. როგორც ჩანს, წინა ღამის შთაბეჭდილებები ღამის კატმანდუსი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეორე დღეს უკვე დღის სინათლეზე არც ისე შთამბეჭდავი ჩანდა. რეალურად ნაგვის და მტვრის გარდა მე პირადად ვეღარაფერი აღვიქვი. ეს რაც შეეხებოდა ადგილებს, თორემ აქ დაიწყო გაოცება ხალხით: სახეები, ტიპაჟები, ფერები, უკიდურესი სიღარიბე, ისეთი, რომლის იქიდაც საქართველოში გაზრდილ-დაბადებულმა ადამიანმაც კი შეიძლება  ვერ წარმოიდგინოს ვერაფერი და ამის მიუხედავად, ღიმილი, ღიმილი, ყველგან ღიმილი და მათი 'ნამასტეე' ანუ 'გამარჯობა'. თბილისის შავ-თეთრი ფერების და გაბოროტებული, გახარბებული, გახამებული, დათრგუნული, უშინაარსო და გაბღენძილი მზერების მერე ეს იყო რაღაც ისეთი შვება, რომლის სიტყვით გადმოცემაც ძალიან ძნელია. და თუ ჩემთვის ნეპალი პირველ რიგში მთებთან ასოცირდებოდა, რეალურად მთავარი აღმოჩენა მისი ხალხი გახდა, ის სითბო, ფერადოვნება, ურთიერთობის სიმარტივე და სიმშვიდე, რაც მინდა, რომ მთელი ცხოვრება გამყვეს.

მივედით, როგორც იქნა, კითხვა-კითხვით სვაიამჰუს ბუდისტურ ტაძრამდე და ის-ის იყო უნდა შევდგომოდით იმ 300 რამდენიღაც საფეხურს, რომ შესასვლელში მდგარ ბუდის ქანდაკებასთან რამოდენიმე ბავშვი გამოჩნდა. არ მახსოვს, მათხოვრობდნენ თუ არა, გარეგნულად ამის მიხვედრა ძალიან ძნელია, ზოგადად ლამის ყველა ბავშვი ფეხშიშველა, ჭუჭყიანი და დასაბანი დადის. ვისაც აცვია, იმასაც ხშირად გამონაცვალი ტანსაცმელი, სამაგიეროდ არ ავიწყდებათ თავიანთი პატარა, შავი, ჭუჭყით მოსვრილი ხელების ერთმანეთზე მიკვრა და მოსალმება 'ნამასტეე'. დაგვინახეს თუ არა რომ ბუდას ქანდაკებასთან სურათის გადაღება  გვინდოდა, მოცვივდნენ და შემოგვეხვივნენ. ზოგადად ბავშვებზე არ ვგიჟდები, მაგრამ აზიელი ბავშვები , რაც აქამდე მხოლოდ ფილმებში ან სურათებში მინახავს, ჩემი ფავორიტია, აი, ზუსტად ისეთები, როგორიც ნეპალში ვნახე. სახემოთხუპნული, მოუვლელი, თმებაწეწილი, გაბერილი ლოყებით ზოლებად რომ ჩამოსდევს ზოგიერთს ჭუჭყი, თვალებში სხვანაირი სევდით, ბავშვური მიამიტობით და  პატარა შავი თვალების ცეცხლით. ყველა ბავშვთან მინდოდა სურათის გადაღება და სადაც ბავშვებს დავინახავდი, შეჭმული მყავდა დანარჩენები, სურათი გადამიღეთ თქო. ნუ, მერე მივხვდი, რომ ამ ბავშვებს ტყუილად ვუფუჭებდი ფონს და შევეშვი. ამიტომ ეხლა აღარ მახსოვს მე მოვინდომე პირველმა ამ ბავშვებთან სურათი თუ თვითონ, ფაქტი ისაა, რომ ბუდას ქანდაკება ნაკლებად აქტუალური გახდა და ეს ბავშვები რომ შემომეხვივნენ, ვეღარ გამოვეწიწკნე. გეხუტებიან თავისი გამხდარი ხელებით, გეფერებიან და როგორ გინდა, აუხსნა, რომ ჯერ კიდევ გეშინია, არ გაჭუჭყიანდე, ტილები არ გადაგედოს და ა.შ.




სვაიმჰუ, მაიმუნების ტაძარი


ნუ, ჩემი აზრით, როცა ბუდისტი არ ხარ და რელიგიური კუთხით არ სტუმრობ ასეთ ადგილებს, ყველაფერს სუფთა ვიზუალური ხედვით აღიქვამ და რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებას არ გიტოვებს, რა თქმა უნდა, თუ ეს ადგილი ისეთი გრანდიოზული და შთამბეჭდავი არ არის, როგორც, მაგალითად, ბუდნატის სტუპა. ამით იმის თქმა მინდა, რომ სვაიმჰუში ბუდას 'ყოვლის მჭვრეტელ' თვალებზე მეტად მე პირადად მაიმუნებმა უფრო გამახალისეს. ჯერ ერთი დავლანდეთ სადღაც მშვიდად მჯდომარე, მერე მეორე გამოჩნდა და ნელ-ნელა  მთელი ჯოგი შეიკრიბა. მე ცოტა არ იყოს, მეშინოდა, მათთვის კი არის წმინდა ცხოველი, მაგრამ ჩემთვის მაიმუნი მაიმუნია და ნაკლებად მხიბლავდა თავზე დახტომის ან კბენის ალბათობა. ტომა იყო ყოჩაღად. უშიშრად მიმოდიოდა და უღებდა ფოტოებს.


კატმანდუს დურბარ სქვეარზე იმ დღესვე გავედით, მაგრამ  უფასოდ შესვლის მომენტის გარდა არც არაფერი მახსოვს. ანუ ეს არის დიდი მოედანი, საკმაოდ ლამაზი ისტორიული ნაგებობებით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობით რომაა დაცული და ა.შ. მოედანი ღიაა, თავში და ბოლოში არის ბილეთების ჯიხური, ჩვენ ფეხით მივბოდიალდით და სრულიან შემთხვევით ისეთი მხრიდან შევედით, რომ ბილეთი არავის მოუთხოვია. უკვე დათვალიერებული გვქონდა ყველაფერი, როცა გამოსვლისას შევნიშნეთ, რომ თურმე ბილეთი იყო საჭირო, მაგრამ აღარ გაგვიგიჟებია თავი.

ის დღე დავასრულეთ ტიბეტურ რესტორანში ცნობილი მომოების ჭამით, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენებურ ხინკალს. იდეაში აბსოლიტურად იგივეა, უბრალოდ მომოებს  სფეციფიკური სანელებლების ხარჯზე განსხვავებული გემო აქვს, ესაა და ეს და ტვინი რომ გადავაჭამეთ ქვეყანას, არიქა და ხინკალი ჩვენ რომ გვაქვს, ისეთი არავის აქვსო, მთლად ასეც არ არის რა:)


პატანი და ბახტაპური

კატმანდუს შემოგარენში მდებარე ამ ორი ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილისთვის მთელი დღე გვქონდა გამოყოფილი, ხო, პლიუს კიდევ ჩანგუ ნარაიანიც უნდა გვენახა. ამ დღეს უკვე ნანაც ჩვენთან იყო დუბაი მოვლილი და შევიკრიბეთ სრული შემადგენლობა. ზოგადად, რა თქმა უნდა, ტაქსი ყველგან ძვირია, მაგრამ რადგან ჩვენ ოთხნი ვიყავით და ხარჯს ვინაწილებდით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას დიდი აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ვიფიქრეთ ჩვენს სასტუმროს ხომ არ ვკითხოთ, მანქანით რომ წაგვიყვან-წამოგვიყვანოს ამ ადგილებში მთელი დღე თქო. ჩვენმა 'დიდი სასტუმროს' 'პატარა შეფმა' ეგრევე გადარეკ-გადმორეკა და ხვალ 6 სთ-ზე დაგხვდებათ მანქანაო, ნუ, ფასი, ნორმალური გვითხრა და აღარ გაგვიჯაზებია. ჩვენ მთელი საღამო ვიკაიფეთ, რომ დაგვხდებოდა ის ძველისძველი, მოციცქნული, დანგრეული სუზუკები, კატმანდუს ქუჩებში რომმ დაჰქრიან, მაგრამ შენც არ მომიკვდე, დილით რომ გამოვედით, არც კი გვჯეროდა, იმ დანგრეულ ორღობეში იდგა იტალიური ფიატი. თავიდან მგონი არც  ვსხდებოდით.

მოკლედ პატანი და ბატაპური არის 2 ულამაზესი ადგილი, განსაკუთრებით ბახტაპური, იქ განლაგებული ისტორიული ძეგლების მნიშვნელობის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ სუფთა ვიზუალური კუთხით ეს არის საოცრად დახვეწილი ძველი ქალაქი. ხეში გამოკვეთილი ჩუქურთმები პაგოდებზე,  ღმერთების გამოსახულებები, ცხოველების ქანაკებები, სპეციალურად შენარჩუნებული სიძველე, დადიხარ ქუჩებში და ვერც კი ხვდები, რომელ საუკუნეში ხარ, ამის განცდას აძლიერებს ხალხი, რომელსაც აცვია ეროვნული ფერადი სამოსი თავისი მდგომარეობის თუ სტატუსის შესაბამისად, მოწითალო ქვაფენილი და ქუჩების გასწვრივ ჩაყოლებული სუვენირების მაღაზიები. რაც მთავარია, სისუფთავე, რაც ისეთი უჩვეულოა კატმანდუში.

ბახტაპურში გავსინჯეთ ლოუნლი პლანეთის მიერ რეკომენდირებული  იოგურტის მაგვარი რაღაც,  ეს იყო მაწონში ჩაწყობილი ხილის ნაჭრები. პრინციპში ძაანაც გემრიელი იყო, იმის მიუხედავად, რომ სახლში მაწონს არ ვჭამ, იქ მშვენივრად მივირთვი.

ნუ, კიდევ პრიკოლი ის იყო, რომ საჭმელზე რომ ვიცი აცანცარება, ის დამემართა. ერთი ქალი ჰყიდდა პაპაიას, იქვე ფცქვნიდა და ჭრიდა ნაჭრებად და მე რადგან გასინჯული არ მქონდა, მომინდა, არადა ვიცოდი, რომ გარეთ ასეთი სიბინძურის გამო არ უნდა მეჭამა არაფერი, მარა ისე მოვიხიბლე იქაურობით, რომ მეთქი შევჭამ, ტომაც ეცდუნა და ვეუბნებით ამ ქალს, 2 ნაჭერი თქო. ვიფიქრეთ, პროსტა მოჭრიდა რა. აუუ, ამ ქალმა ჯერ რომ გაშალა ხელები, ხომ გული გაგვისკდა ისეთი ჭუჭყიანი და გარედან რომ გაფცქვნა, მერე შიგნიდანაც გაასუფთავა  ოღონდ დანით კი არა ფრჩხილებით. ლიკას შევხედე, სახე გვერდზე ჰქონდა მიქცეული. ეს ქალი კიდევ ისე კეთილად იღიმოდა, როგორ გინდა, არ გამოართვა. ჯანდაბას გამოვართვით, უკვე კი აღარ მინდოდა, მაგრამ ნაყიდი მქონდა და ხო უნდა მეჭამა :დ  დიდი ძალისხმევის მიუხედავად 2 ლუკმაზე მეტი მაინც ვერ გავქაჩე და გადავაგდე. რა ძალა მედგა ერთი. იმის მერე გარეთ რამის ყიდვა აღარც მიცდია.
ხო, ნუ, მგონი ამ დღეს დაიწყო ჩვენი და ინდოელების სიყვარულის ამბავი :) ნეპალში არის ინდუსებისთვის ძალიან ბევრი წმინდა ადგილი, ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომ იყო კატმანდუში ძალიან ბევრი ინდოელი ოჯახით ჩამოსული სამოგზაუროდ თუ მოსალოცად. დადიოდნენ დედა-მამა, ბებია-ბაბუა, შვილი, რძალი, სიძე, შვილიშვილი შემადგენლობა ერთად და ჩაივლიდნენ ხოლმე ხმაურით და ამ ფერადი კაბების შრიალით. ერთი სანახაობა იყო მათი ნახვა. პირველი ინციდენტი, რაც მარტოს გადამხდა, პატანის მუზეუმთან იყო. მე და მუზეუმები თხა და გიგოსავით ვართ, ამიტომ გოგოები რომ შევიდნენ, მე არც მიფიქრია, მეთქი გარეთ დაგელოდებით სკამზე. სკამი იდგა მუზეუმის შესასვლელად და იმდენი ფერად-ფერადი ხალხი მიმოდიოდა ჩემს წინ, მთელი დღე სიამოვნებით ვიჯდებოდი იქ. რამდენჯერმე ჩემს წინ გაირა ერთმა ისეთმა დიდმა ჯგუფმა, ზემოთ რომ აღვწერე, განსაკუთრებით 2 ქალი მომხვდა თვალში, ისე გამართულად დადიოდა ერთ-ერთი, რომ სურათის გადაღება მომინდა, მაგრამ მომერიდა რაღაც და თავი შევიკავე. გავიდა ცოტა ხანი და მოდის ზუსტად ეს ქალი და რაღაცას მეუბნება. მე სკამზე ფეხებაკეცილი ვიჯექი ლოტოსის პოზაში და რადგან ვერ გავიგე, რა მითხრა, ვიფიქრე, მეუბნება სკამიდან ფეხები ჩამოიღეო (ჩვენთან რომ იციან ხოლმე თქმა), მე ეგრევე დავიშალე ლოტოსიდან და წამოვხტი. ამ ქალს გაეცინა, თავი გადააქნია და წავიდა. გავიდა 5 წუთი და მოვიდა მთელ სასტავთან ერთად. აი, მეთქი ეხლა დამერხა, რა უნდათ. ნუ, მზად ვიყავი, ავდგარიყავი და დამეთმო ადგილი, მეთქი, მეტი რა უნათ ეხლა. როგორც ჩანს, ოჯახში ქალებმა ინგლისური არ იცოდნენ და საქმეში კაცები ჩართეს. ხოდა ერთ-ერთი კაცი მოვიდა ღიმილით და სურათის გადაღება უნდაო ამ ქალს შენთან. უჰ, ამოვისუნთქე, გავიკრიჭე სულელივით და მეთქი ,ნოუ ფრობლემ', ბიჭოს, რომ დაინახეს, რომ გავიცინე, ატეხეს ჟრიამული, იქ ამბავი ატყდაა, ჯერ ერთთან სურათი, მეორე მეორესთან, მერე სათითაოდ ყველასთან, მერე საერთო სურათი, საით გამეხედა, აღარ ვიცოდი. თან ეს ქალი რომ მომიჯდა, კანზე მიყურებს, მსინჯავს, თმებზე ხელი ჩამომისვა, ბოლოს ჩამეხუტა. მერე მეუბნებიან, საიდან ხარ, ინდოეთში როდის ჩამოდიხარო. მოკლედ ესე სიცილ-ხარხარში და ჟივილ-ხივილში დასრულდა ეს ფოტო-სესია. ერთი სურათი მეც გადავაღებინე, მეთქი თბილისში ვანახო ამ 'პოპულარულობის' დასტური :დ შემდეგ კიდევ უამრავი შემთხვევა იყო ასეთი, უბრალოდ ეს ძალიან მძაფრად დამამახსოვრდა.



პაშუპატინატი

კრემაციაზე დასწრება, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი სანახაობა იყო ნეპალში. ზოგადად რამდენადაც შესაძლებელია ვერიდები ხოლმე ნეგატივის მიღებას, ამიტომ ტელევიზორშიც არ ვუყურებ საინფორმაციო გადაცემებს საერთოდ და მოკლედ ვცდილობ არ შევუშვა ეს ცუდი ინფორმაცია ჩემში.იმიტომ რომ თუ შევუშვი, ძალიან მძაფრად შემოდის ხოლმე და ბოლოს მიღებს. ამიტომაც პრინციპში ამ კრემაციაზე არ ჩავღრმავებივარ სიტუაციას, სურათიც კი შორიდან გადავუღე და საერთოდაც მგონი არ მინდა ამაზე არაფრის დაწერა. ერთადერთი, როცა ცეცხლი წაუკიდეს და დამწვრის სუნი ვიგრძენი რაღაც დროის შემდეგ, გულის რევის შეგრძნება დამემართა,პირზე ხელი ავიფარე და გამოვვარდი იმ ადგილიდან რაც შეიძლება შორს.


ბუდნატი

ჩემთვის ეს იყო ყველაზე მაგარი ადგილი ნეპალში. დღესაც სიამოვნებით დავჯდებოდი რომელიმე rooftop კაფეში ლამის ბუდას თვალების სიმაღლეზე და უბრალოდ მივეფიცხებოდი მზეს, საღამოს კიდევ შევუერთდებოდი იმ ტიბეტელებს, დაუსრულებლად რომ ურტყამენ წრეს ამ უზარმაზარ  სტუპას და კრიალოსანის მარცვლით ატრიალებენ  ლოცვების ბორბლებს.

მართლა უმაგრესი ადგილია და არანაირად არ არის საჭირო, იყო რომელიღაც კონკრეტული რელიგიის მიმდევარი, რომ ამ ადგილის ძალა შეიგრძნო.
აქ ვნახე პირველად ის ხალხი, რომელიც ვიზუალურად ძალიან მომწონს. როგორც აღმოჩნდა, ესენი ტიბეტელებია. შავი ფერის კანი, ოღონდ არა ინდუსის სიშავე, წვრილი თვალები, შუაზე გადაყოფილი თმები და გრძელი ნაწნავი ფერადად ჩაწნული მთელ სიგრძეზე, ნაციონალური ტანსაცმელი, მუქი ფერის ერთიანი კაბა და წინ წელსქვემოთ მოხვეული საოცრად ჭრელი, მე რომ მიყვარს ისეთი ფერების წინსაფარი. გულზე ყველას უკეთია კრიალოსანი. გავგიჟდი, გადავირიე და დავმუნჯდი, თავი სადღაც ზღაპარში მეგონა. არ ვიცი, ალბათ რაღაც სურვილი გამიჩნდა ამ ხალხს დავმსგავსებოდი და კრიალოსანი კი უკვე ნაყიდი მქონდა (როგორც მძივი ისე ვიყიდე, მერე მითხრეს კრიალოსანიაო), მაგრამ ეს წინსაფარი ჩამივარდა გულში, აი, ზოგჯერ ვიცი ხოლმე შოპინგის დროს, რაღაც გადამეკეტება ტვინში, ვუყურებ და იმის გარდა  ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს რაღაც ისეთ შარავანდედშია  გახვეული, რომ თვალებში ნაპერწკლები მენთება და ვსიო, გადაკეტილი მაქვს. ამ დროს ჩემი საღი აზრი და რაციონალიზმი ისე მყავს მიჩმორებული, გაბედოს და ხმა ამოიღოს. აი, ზუსტად ასე დამემართა იქაც. ერთი ამოვისლუკუნე, ნეტა ეს წინსაფარი არ იყიდება თქო აქ და გაიხაროს ლიკამ, ერთ ტიპთან ვნახეო მაღაზიაში. გავქანდი ეგრევე. მოკლედ რამოდენიმე ადგილას ვიკითხეთ და რადგან ტომასაც უნდოდა ყიდვა, ჩავსხედით ერთ მაღაზიაში კაი ხნით :)  უუჰ და ავარჩიე როგორც იქნა. აღსანიშნავია, რომ ჩემი ბიუჯეტისა და ზოგადად ნეპალისთვის სერიოზული თანხაც მივათხლიშე ამ ჩემს ნანატრ წინსაფარს, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი, რომ იქვე შემოვიხვიე დიდის ამბით  და გავერიე ხალხში :დ  ვაჰ, ძაამ მაგარი იყო რა, ისე უხაროდა ამ ხალხს, რომ გხედავდნენ ამ წინსაფარში, ჯერ თვითონ გაიღიმებდნენ, ერთმანეთს გადახედავდნენ, მერე ისევ შემოგხედავდნენ და გაეცინებოდათ. ნუ, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ტურისტები ასეთ რაღაცაში ფულს არ ხარჯავენ, უფრო პრაქტიკულ რაღაცეებს ყიდულობენ და ამიტომ უკვირდათ. ერთმა მაგაზე შავი კაბა ჩაიცვი და ისე მოიხვიე და მაგარი იქნებაო და მეთქი კი, ეგრეც ვაპირებ. მოკლედ ეხლა ჩემს გარდერობში საპატიო ადგილი უკავია წინსაფარს იარლიყით Lhasa და ერთად აღებულ მთელ მოდის სამყაროს ბრენდებს მირჩევნია. საჩუქრების ყიდვა ნეპალში ცალკე აღებული ამბავია. გარდა იმისა, რომ აქ შეგიძლია იყიდო ხელით ნაკეთი უამრავი ნივთი ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, არის მეორე მომენტიც, რომელსაც მე ცოტა გვიან მივხვდი. რეალურად ეს არის მართლა უღარიბესი ქვეყანა, სადაც შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია და ნივთის ყიდვა ისეთი ადამიანისგან, რომელიც ამას საკუთარი ხელით აკეთებს და ამ თანხით მან შეიძლება თავისი შვილის  1 თვის სწავლის გადასახადი დაფაროს ან რაღაც ელემენტარული შეიძინოს, ეს ცოტა უფრო მეტია, ვიდრე სუვენირის ყიდვა. ნუ, მე არ ვარ ზოგადად ასეთი ტიპაჟი, ამდენს რომ ფიქრობდეს, თან საქართველოში რომ დაიბადები, ცოტა არ იყოს ძნელია, 'ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდა' -ს პონტია, მაგრამ რაღაც მომენტში ეს დავაფიქსირე ჩემს თავში. ეხლა მაგალითად გული მწყდება, რომ ჩიტვანში ტარუს სოფელში არ ვიყიდე რაღაცეები. სალაშქრო აღჭურვილობები ხომ ცალკე თემაა. ერთი შოპინგი მაგაზე ცალკე შეიძლება.

ჩიტვანი

ჯუნგლები, სპილოები, მარტორქები...

2 comments:

  1. ძალიან საინტერესოდ და ლამაზად აღწერ.. შენთან ერთად ვმოგზაურობ და ველი გაგრძელებას ;)

    ReplyDelete
  2. ჰეი, თამუნაააააა :))) ხოო, აი, მინდა გადმოვცე რა ცხელ გულზე :))

    ReplyDelete