სულ სხვა რაღაცას ვეძებდი. რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ იტალიურ არხზე ვუსმენდი რობერტო კავალის ინტერვიუს და ჩემი დამტვრეული იტალიურით რაც გავარჩიე, ის იყო, რომ კავალი, რომელიც გატაცებულია ფოტოგრაფიით, იღებს სურათებს ბუნების პეიჟაზების, ცხოველების და ფრინველების, მოკლედ ბუნებაში არსებულ ფერთა შეხამებას აფიქსირებს და თავის ქსოვილების ქარხანაში ეს სურათები პრინტების სახით გადააქვს თვითონ ქსოვილზე და ამით ფაქტიურად იქმნება ახალი, სრულიად ორიგინალური ქსოვილი. ხოდა მოკლედ ამაზე მინდოდა დაწერა და ინფორაციის ძებნისას ერთ-ერთ ბლოგზე წავაწყდი სურათს, კავალისთან რა შუაში იყო ეს ბლოგი ვერ მივსვდი, მაგრამ სურათმა კი გამომაშტერა. ვუყურებ, ფოტოგრაფიას ჰგავს, მაგრამ არ არის, ნახატსაც ჰგავს, მაგრამ არც ნახატია. აღმოჩნდა, რომ ეს არის ხელით შესრულებული ნაქარგი.
ესეც მონადირე არა, მაგრამ მშვიდად მომზირალი ვეფხვი :)
ქარგვა ხდება ხელით, აბრეშუმის ქსოვილზე აბრეშუმისვე ძაფებით. აბრეშუმის ერთი ძაფი იყოფა რამდენიმე ძაფად, სასურველი შედეგის მისაღწევად ხდება ძაფის 1/4 - დან 1/64-მდე დაყოფა, შესაბამისად საჭიროა მილიონობით აბრეშუმის ძაფი და ასობით ფერთა გამა. საუკეთესო ნამუშევრის შექმნას კი სჭირდება დრო რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე.
ხშირად ძაფი იმდენად თხელია, რომ შეუძლებელია თვალით მისი გარჩევა.
ხდება რამდენიმე ფენის გაკეთება. მრავალფეროვანი ფერთა გამა საშულებას იძლევა, რომ რაც შეიძლება რეალისტური შედეგი იქნეს მიღწეული.
ცხოველის ბეწვი ისეთივეა, როგორც რეალურად, ფერები ერთმანეთში გადადის ძალიან მსუბუქად, მზერა ისეთია, როგორც ცოცხალი გამოხედვისას. პორტრეტის შექმნისას კანის სტრუქტურის აღქმა კი ისეთივეა, როგორც რეალური ადამიანის.
ნიმუშები, რომლებიც დამზადებულია ჩინური კომპანია Suzhou Embroidery-ის მიერ და რომლებიც გასაყიდადაა წარმოდგენილი მათ საიტზე.
No comments:
Post a Comment